გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, აღიდგინე ძალები, რომ მალე ისევ გავაგრძელოთ ერთად მუშაობა – ევროპარლამენტარის წერილი მიხეილ სააკაშვილს

“მე მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმის, თუ რა მძიმე იყო ეს ბოლო თვეები შენთვის. მაგრამ, გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, აღიდგინე ძალები, რომ მალე ისევ შევძლოთ შეხვედრა და გავაგრძელოთ ერთად მუშაობა” – ასე მიმართავს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს. ანტონიო ლოპეს-ისტურის უაითი ევროპის სახალხო პარტიას რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეს,

ბატონო სააკაშვილო,

ძვირფასო მიშა,

ისეთ ადამიანებს, როგორიც ჩვენ ვართ, პოლიტიკაში გამოცდილი აქვთ ყველაფერი, ყველაზე კარგიც და ყველაზე უარესიც ამ ცხოვრებაში. ვიცი დამეთანხმები, რომ ერთადერთი გრძნობა, რაც შეუთავსებელია ნამდვილ პოლიტიკოსთან, არის სინანული. ჩვენ ვერთვებით პოლიტიკაში, რადგან გვაქვს მისია, რადგან გვინდა ვიყოთ პოზიტიური ცვლილების ნაწილი, რადგან არ გვეშინია რისკის.

ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო მხარე პოლიტიკოსად ყოფნისა არის იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ცვლილებების განხორციელების ამბიციას და გამბედაობას.

ჩემო მეგობარო, მადლობა იმ კეთილი სიტყვებისთვის, რაც ციხიდან გამომიგზავნე. ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია შენგან ჩემდამი პატივისცემის ასეთი გზავნილის მიღება მაშინ, როდესაც ასეთ რთულ მდგომარეობაში იმყოფები.

არ იყო მარტივი EPP-სთან დამშვიდობება იქ გატარებული 20 წლის შემდეგ, მაგრამ კარგად მიცნობ და, რა თქმა უნდა, არასდროს შევწყვეტ ბრძოლას. ან როგორ შემიძლია, როდესაც მყავს ასეთი განსაკუთრებული მაგალითი შენი სახით. მე კვლავ გავაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია ამ ევროპული პროექტის, EPP-ის და ჩემი მეგობრების მხარდასაჭერად, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

გთხოვ, გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. მე მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმის, თუ რა მძიმე იყო ეს ბოლო თვეები შენთვის. მაგრამ გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, აღიდგინე ძალები, რომ მალე ისევ შევძლოთ შეხვედრა და გავაგრძელოთ ერთად მუშაობა როგორც ამას ვაკეთებდით წლების განმავლობაში EPP-ში, – წერს ანტონიო ლოპეს-ისტურის უაითი.

banner
წინა სტატიაში18 წლის ზემოთ პირებში, ჯერჯერობით, მეორე ბუსტერ დოზის გამოყენებაზე რეკომენდაცია გაცემული არ არის – გაბუნია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამერიკულ საექსპერტო ბიუროებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ