გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები სკოლებში არ დაიშვებიან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით, რეკომენდაციებს ავრცელებს.

აღნიშნული რეკომენსაციები დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერაა შემუშავებული.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში, სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში უნდა გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას, აგრეთვე სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება და გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.

“იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სკოლას ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია, ამასთან, სკოლებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი.

20-21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატება 16%-ს. დასწრების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება 8 კალენდარული კვირის მანძილზე და გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი ივანიშვილის ჯიბესა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის