გრიგოლ ვაშაძის რუსული პასპორტი დავტოვოთ მის პირადულ საკითხად და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და სანდრა რულოვსის წიგნიდან – „იდეალისტის ნაამბობი” ამონარიდი წაიკითხა.

„90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ორი არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და ორივეს ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა (საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სამეგრელოში)…“.

არჩილ თალაკვაძემ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს მიმართა, რომ „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სურს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – რევანში ყველაფრის ფასად.

„შესაძლოა, ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ რადგან, „ქართულმა ოცნებამ“ არ დააყენა საპრეზიდენტო კანდიდატი, აჰა, მოვიდა ჩვენი დრო და ახლა ყველაფრის ფასად რევანშს მოვაწყობთ, დიახ, განსხვავება ჩვენს შორის დღეს არის ეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ სატელიტებს სურს რევანში ყველაფრის ფასად. ჩვენ გვინდა არჩევნები, დემოკრატიული არჩევნები. აი, ეს არის ძირითადი განსხვავება ჩვენს კამპანიებს შორის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, დღეს სიცრუის მანქანა მუშაობს არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ იმ თავისუფალი და მშვიდი გარემოს წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაამკვიდრა.

„რა მითხრეს ზუგდიდელებმა, მათ მითხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს „რუსთავი ორი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დასცინის, პირიქით, ამაზე დიდი და ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანმა რამდენიმე ათეული წელი გაატარა ემიგრაციაში, იქ დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში. მაჩვენეთ კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ამდენი წელი იცხოვრა ემიგრაციაში, იქ დაიბადა, გაიზარდა და ასეთი საოცარი ქართულით ლაპარაკობს.

მეორე, ყველამ მითხრა, რომ ხმას ვაძლევთ, რადგან ეს არის უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი. სად იყვნენ დღეს ვაიდემოკრატები, სად იყვნენ ადამიანის უფლებათა ვითომ დამცველები, რომლებმაც დღეს ამოიღეს ხმა იმ მედიაში, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, რადგან მათ დროს მედია არ არსებობდა. არსებობდა ჯიბის ტელევიზიები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ. დიახაც, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაუპირისპირდა ყველაზე საშიშ სახელმწიფო მანქანას, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მომართული და ეს სტრასბურგის სასამართლოს მინიმუმ სამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფო, მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი მთავრობა, პროკურატურა და სასამართლო არაერთ საქმეში, რბილად რომ ვთქვათ, იყო შემჩნეული თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ პირი რომ ჰქონდათ შეკრული და ჩაგრავდნენ ადამიანებს. აი, ამას დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მთავარი დამსახურება მიუძღვის საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში. არჩილ თალაკვაძის თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა იმ დოკუმენტზე, რომელიც ბაზების გაყვანას უკავშირდება.

„ასევე, მითხრეს ზუგდიდელებმა და მე კიდევ ერთხელ ხმამაღლა მინდა განვაცხადო, გთხოვოთ რომ ეს გადასცეთ თქვენს მეგობრებს, სალომე ზურაბიშვილს მთავარი დამსახურება მიუძღვის სწორედ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ერთხელ, მეორედ მოვახერხებთ, რომ ეს ბაზები გავიყვანოთ საქართველოდან. მისი ხელმოწერა არის სწორედ იმ დოკუმენტზე, რომელიც ბაზების გაყვანას უკავშირდება და მან საკუთარი შტაბის გახსნაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აგრესორი არის რუსეთი, საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ გავათავისუფლებთ, გავამთლიანებთ ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს რუსული პასპორტი „ვერ გააგდებინეს ხელიდან“. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ევროპისა და ამერიკის დიპლომატიაში ძალიან სერიოზული კავშირები აქვს.

„ადამიანი, რომელსაც 2009 წლამდე, წინაზე შეცვალა მედიამ და 2008 ჩაწერეს, მაგრამ ვაზუსტებ, 2009 წლამდე რუსეთის პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან. მე შემიძლია გრიგოლ ვაშაძის რამდენიმე ინტერვიუ გაჩვენოთ, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთის პასპორტი მისი პირადული საკითხია. დიახ, დავტოვოთ ეს მის პირადულ საკითხად, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ევროპისა და ამერიკის დიპლომატიაში აქვს ძალიან სერიოზული კავშირები, ის არის მიღებული დიპლომატიურ ოჯახებში და დამიჯერეთ სხვა მასზე უკეთ ვერ წარმოადგენს საქართველოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური გამოცდილება არის ის უპირატესობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით.

„ის მუშაობდა ამერიკაში დიპლომატიურ მისიაში, ევროკავშირის ქვეყნებში დიპლომატიურ მისიებში, ის იყო პრინციპული საგარეო საქმეთა მინისტრი და არა ისეთი, რომელმაც აგვისტოს ომის დროს სწრაფი სირბილით გამოიჩინა თავი, ის იყო პრინციპული საგარეო საქმეთა მინისტრი. სწორედ მან, იმ მთავრობის წევრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა შეძლო და ხაზი გაავლო სუბიექტურ და სახელმწიფო ინტერესებს შორის.

როგორც კი დაინახა, რა განსხვავება იყო იმ ფასადურ თავისულებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რეალურად როგორ მუშაობდა ხელისულება, მან პრინციპულად მიიღო გადაწყვეტილება და გადავიდა იმ მხარეს, სადაც დღეს ჩვენ ვართ.

ორიოდე სიტყვა ქალებზე და პოლიტიკაზე, დიახ დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი ქალი პოლიტიკაში. ამ დარბაზში სხედან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. სალომე ზურაბიშვილი მათი პრეზიდენტიც იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი უცხოურ პრესაში ჩემს შესახებ საზიზღრობები იბეჭდება
შემდეგი სტატიარუსუდან შარაძე: ქალბატონო სალომე  გაიქეცით, გაიქეცით, სანამ დროა