გრიგოლ ვაშაძე:სასარგებლოა იზოლაციასა და დეპრესიაში ყოფნა იმიტომ, რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს

ვსინჯოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, თუ წარუმატებლად, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, რაში ხედავს ის გამოსავალს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პარალელურად, აქციები უნდა გაგრძელდეს, რომ ხელისუფლებამდე საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება მივიდეს.

„ამ ეტაპზე გამოსავალი არის შემდეგი – საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი და დასაბუთებული აღშფოთება, მაგრამ ამავე დროს, პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია დიალოგი. ვსინჯოთ. თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, ხელისუფლება გვეუბნება შვეიცარიასა და ნორვეგიაში ვცხოვრობთ და იქაური არჩევნები ჩავატარეთო. აქედან გამოსავალი რა არის? ხელისუფლების თურქმენიზაცია და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ასე წარმოგვიდგენია ამ სახელმწიფოს მომავალი?“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების საზომი რა არის, ვაშაძემ უპასუხა, რომ ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს, გაუმკლავდეს კრიზისს.

„მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში, უკვე ყინვაში ღამე დგანან და ელიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს, გაუმკლავდეს იმ ხუთ უზარმაზარ კრიზისს, რომელიც ვახსენე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

არ მეშინია მარტო დარჩენის, პირიქით, ხანდახან იზოლაციაში ყოფნა სასარგებლოა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა დაილაპარაკონ და სინჯონ, შესაძლებელია თუ არა კომპრომისის მიღწევა.

„ვიცი, რომ ჩემგან რეცეპტების მოსმენა გსურთ, მაგრამ მე არავითარი რეცეპტი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ზუსტად ვიცი და ამას დავიცავ ბოლომდე. არ მეშინია მარტო დარჩენის. ხანდახან პირიქით, სასარგებლოა იზოლაციასა და დეპრესიაში ყოფნა იმიტომ, რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს. რეცეპტი დღესდღეობით არის ეს – პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რაც უფრო მასშტაბური იქნება, მით უკეთესი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ვსინჯოთ, შეიძლება თუ არა მოინახოს კომპრომისი ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციასთან“

banner
წინა სტატიაშიმესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტის გადმოვარდნასთან დაკავშირებით კლინიკა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე: საქართველოში, პოლიტიკური მოვლენიდან პოლიტიკურ მოვლენამდე დასტურდება, რომ საზოგადოება “უმწიფარია”