,,გრიგოლ ვაშაძეს ვეტყვი, რომ არჩევნები მაღლა წევს პოლიტიკურ ტემპერატურას, მაგრამ ახლა დროა, ყველა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს”

NATO Spokesman, James Appathurai briefing the press

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რომელიც საქართველოში შეხვედრებს მართავს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ხვდება. შეხვედრის წინ აპატურაიმ განაცხადა, რომ ვაშაძეს დიდი ხანია, იცნობს.

„პოლიტიკური მესიჯი, რაც მე მინდა გავაჟღერო გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე და რაზეც სხვა პოლიტიკოსებთანაც ვისაუბრე, არის ის, რომ არჩევნები არის გამყოფი და მაღლა წევს პოლიტიკურ ტემპერატურას, მაგრამ ახლა დროა, ქვეყანა გაერთიანდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს. მე მაინტერესებს მისი აზრი, რადგან უკვე მოვისმინე სხვა მხარის მოსაზრება. ნატო-ს მოკავშირეებს სჯერათ, რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს. სწორედ ამიტომ ვაპირებ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთანაც, მათ შორის, მათთან, ვინც უმცირესობასთან მუშაობს. ჩვენ საზოგადოების ყველა ნაწილს უნდა მოვუსმინოთ“, – აღნიშნა აპატურაიმ ვაშაძესთან შეხვედრის დაწყებამდე.

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას ჯეიმს აპატურაისთან მას შესანიშნავი სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა.

„იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი საუბარი გულახდილი იქნება, ისეთი როგორიც მეგობრებს შეეფერებათ. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები და ის უმსგავსობაა, რაც პირველ ტურში და შემდეგ გაცილებით უფრო ამაზრზენ მასშტაბებში მოხვდა მეორე ტურში, რამაც ეს არჩევნები ფაქტობრივად, არალეგიტიმური გახადა. მეორე საკითხი, რომელზეც მინდა, რომ საუბრის დროს ყურადღება გამახვილდეს, ეს საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობაა და მაინტერესებს, ბრიუსელი როგორ აფასებს იმას, რა ნაბიჯებით, რა ტემპებით და რა წარმატებით მივისწრაფით ატლანტიკურ ალიანსში. რაც ყველა ხელისუფლების მიმართ ქართველი ხალხის დაკვეთაა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დღეს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ტადაჰარუ უეჰარა ეწვია.
შემდეგი სტატიაინაუგურაციის სამზადისი თელავში – სცენისა და ტრიბუნების მონტაჟი თითქმის დასრულებულია