გრიგოლ ვაშაძეს უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს, რაც არჩევნებზე დაამტკიცა

ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და ლოკომოტივი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ენერგიის ჩადება პარტიულ პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს განახლებულ პარტიას და პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას.

„ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ პარტია მართლაც არის აღმავლობის გზაზე. დაახლოებით 900 ათასი ხმა მივიღეთ გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ბუნებრივია, რომ ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და ლოკომოტივი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ენერგიის ჩადება პარტიულ პროცესში.

საჭიროა სტრუქტურული გადაჯგუფება და თავმჯდომარის არჩევა, ამიტომ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ესეც იქნება. მგონია, რომ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს. შეიძლება, რაღაც განსხვავებული აზრი იყოს, მაგრამ მას რომ აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი პარტიაში და ქვეყანაში, ეს არჩევნებზე დაამტკიცა. დიდი ენთუზიაზმით დავუჭერ მხარს პარტიის განახლებას და ბატონ გრიგოლს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლების კანდიდატის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ახალი ლიდერის გამოჩენა იყო.

„ლიდერი დაბადა პოლიტიკურმა ცხოვრებამ. ორი წლის წინ გრიგოლ ვაშაძე არც მოიაზრებოდა და არც სურვილი ჰქონდა. დღეს ის არის ხალხის მიერ მხარდაჭერილი“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დღეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში პოზიტიურად აფასებს შსს ახალ კანონპროექტს
შემდეგი სტატიასქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახალი კანონის მიზანია მისი ადრეულ ეტაპზე პრევენცია