გრიგოლ ვაშაძე : თბილისურად გეტყვით, ხალხს ყელში ამოუვიდა სიღარიბეში ცხოვრება, სანამ ესენი ერთი ინჰალაციიდან მეორეზე მიდიან

თბილისურად გეტყვით, ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა სიღარიბეში ცხოვრება, სანამ ესენი ერთი ინჰალაციიდან მეორეზე მიდიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ცვლილების მოთხოვნებს.

„ყველა ოპოზიციური პარტია ამ მოთხოვნას მხარს უჭერს. ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესების ძირეული, ფუნდამენტური, სამართლიანობისკენ მიმავალი ცვლა დაწყებული ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საუბნო კომისიამდე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. იმიტომ, რომ საქართველო ამ პირობებში ვერც პოლიტიკურად იარსებებს და ვერც ეკონომიკურად. რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი უბედურებაა, ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში იმ უმსგავსობას ემსგავსება, რაც მეორე ტურში მოხდა“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, როდის წარმოუდგენია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა მოქალაქეებიდან მოდის და არა ოპოზიციისგან.

„ჩვენ ოპოზიცია მოვემზადოთ და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ხელისუფლება მუდმივ პრესინგში ვამყოფოთ. რადგან ეს ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, არამედ მოქალაქის მოთხოვნაა, რომელსაც, მაპატიეთ, თბილისურად გეტყვით – ყელში ამოუვიდა უკვე სიღარიბეში ცხოვრება, სანამ ესენი ერთი ინჰალაციიდან მეორეზე მიდიან. ამ ადამიანებს ასე ცხოვრება აღარ უნდათ. როდესაც 700 მილიონია გამქრალი ინფრასტრუქტურის სამინისტროდანო, „ქართული ოცნების“ მამამთავარმა ბრძანა ინტერვიუში. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 900 მილიონია წელს დაუხარჯავი. ეს ყველაფერი ეკონიმიკას აჩერებს. მოქალაქეს ასე ცხოვრება აღარ უნდა. მოქალაქეს პროფესიული მთავრობა სჭირდება და არა მთავრობა, რომელიც შერჩეულია ბიძაშვილ-მამიდაშვილობით და ნათესაობით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს, მცდარია
შემდეგი სტატიაბასა ფოცხიშვილი : ვფიქრობ, საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დახვეწილი უნდა იყოს