„გრიგოლ ვაშაძე იგებს არჩევნებს“, – ვაშაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევას ეხმაურება

„ედისონ რისერჩის“ ახალი კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იგებს.

აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა:

„ჩვენ ვნახეთ „ედისონ რისერჩის“ კვლევა, მაღალავტორიტეტული კომპანიის კვლევა, რომელიც ფაქტობრივად ყოველთვის მართლდება საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძე იგებს არჩევნებს, 52% აქვს მას, 48% აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და 28 ნოემბერს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამომრჩეველი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად დააფიქსირებს.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. უკიდურესად მძიმეა შეფასება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ფაქტობრივად აღარ ენდობა მოსახლეობა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის საბოლოო წერტილი, რომელიც ქართველმა მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ დასვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„კურიერმა“ დღეს გაავრცელა მმართველი პარტიის ერთ-ერთი შტაბის ფარული ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ „ოცნებას“ რეგისტრირებულ მხარდამჭერებსა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40%-იანი ცდომილება აქვს. გიორგი ვაშაძე ბრიფინგის ფარგლებში აღნიშნულსაც გამოეხმაურა:

„რა თქმა უნდა ბევრი სპეკულაცია მოჰყვება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ კვლევებს, მაგრამ ამ ყველაფერს ადასტურებს ის ჩანაწეები, რაც ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე წუთის წინ „რუსთავი 2“-ის ეთერით, სადაც ქუთაისის შტაბში გამართულ სხდომაზე, პირდაპირ აღიარებენ მათი შტაბის წევრები, რომ აღარ შეუძლიათ მუშაობა და გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია ამ არჩევნებში. კიდევ ერთი, ამ ჩანაწერებით კარგად ჩანს, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა არ აქვს არავის. შესაბამისად, მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოდით არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ეს არჩევანი. ჩვენ, ჩვენი ტექნოლოგიური მონაცემებით დავიცავთ თითოეულ ხმას. ქართველი ხალხის გამარჯვება აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ამ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიფარული აუდიო ჩანაწერი – “ქართულ ოცნებაში” პანიკაა, ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს
შემდეგი სტატიათორნიკე შარაშენიძე : რუსეთის მოქმედებები მის შიდა პოლიტიკას უკავშირდება