გრიგოლ ვაშაძე – ერთ ადამიანზე ხუთი პირადობის მოწმობა იბეჭდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ერთ ადამიანზე ხუთი პირადობის მოწმობა იბეჭდება.

„ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობდეს, ის არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებისთვის ემზადება. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა გარემოცვამ არ იკმარა პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ დაშინება, ძალადობა, მოსყიდვა, სოციალური დახმარებების მოხსნა, ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლება და ახლა მიმართეს უპრეცედენტო დანაშაულს, პირადობის მოწმობების მასობრივ გაყალბებას, როცა ერთ ადამიანზე 5-5 თი პირადობის მოწმობა იბეჭდება.

ეს არის დასტური, მათ მშვენივრად იციან, რომ ე.წ. „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვთ და აღარასოდეს ექნებათ. საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. ხელისუფლებას აქვს წაგებული და მიმართავენ არჩევნების მასობრივ მანიპულაციას. მინდა, ყველას ვუთხრა, გაერთიანებული ოპოზიციისა და ყველა მხარდამჭერის სახელით. პირადობის მოწმობების გაყალბება არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, რაც ფაქტობრივად, არჩევნების დელეგიტიმაციას ნიშნავს. ეს არის ტოტალიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ მოქალაქეებს ერთმევა თავის ნების თავისუფლად გამოხატვისა და საკუთარი ხელისუფლების დემოკრატიულად არჩევის საშუალება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკა გიგაურს, ირმა პავლიაშვილსა და მიშა ბენიძეს გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

banner
წინა სტატიაში„მრავალეროვანი საქართველო“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს
შემდეგი სტატიაჩემი სახელი არის გრიგოლ ვაშაძე და გეუბნებით, რომ საქართველოში პიროვნება და მისი კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი