,,გრიგოლ ვაშაძე არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, რომელსაც არაფერი აკავშირებს თანამედროვე საქართველოსთან”

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს არ შესწევს უნარი, ჩვენი ოკუპირებული ქვეყანა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ გზაზე ატაროს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, მათივე დანაშაულები სხვას გადააბრალონ, რასაც გრიგოლ ვაშაძეც განაგრძობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ყოველთვის იყო ის, რაც თავად დააშავეს, სხვას დააბრალონ, ის, რაც არიან თვითონ, თქვან, რომ სხვა არის ასეთი. იგივე პოლიტიკას აგრძელებს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც რეალურად სხვას აბრალებს, რომ რუსია და ამ დროს, თავად არის სსრკ-ს გადმონაშთი, საბჭოთა დიპლომატი, რომელსაც არაფერი აკავშირებს თანამედროვე საქართველოსთან და მით უმეტეს, არაფერი აკავშირებს მომავალთან, რადგან მას უბრალოდ არ შესწევს უნარი ჩვენი ოკუპირებული ქვეყანა ატაროს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ გზაზე. მას, ბატონ ვაშაძეს არ აქვს არანაირი ევროპული ცოდნა. ერთადერთი, რაც იცის, ეს არის საბჭოთა საჯარო სამსახური, რომელშიც საშუალო დონის და რანგის მოხელე იყო“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, მოსახლეობა ასეთ ადამიანს პრეზიდენტად არ აირჩევს და არჩევნების მეორე ტურში ყველა უნდა მობილიზდეს.

„ჩვენ ასეთ ადამიანს არ ავირჩევთ პრეზიდენტად. აქეთ მხარეს, ვინც მხარს ვუჭერთ პერსპექტივას და ეს არის დაკავშირებული სალომე ზურაბიშვილთან, ვართ გაცილებით მეტი, ვიდრე ამომრჩეველი, რომელმაც პირველ ტურში ვაშაძესა და მისი პარტიის დანაყოფებს მისცა ხმა. ამიტომ, ყველანი უნდა ვმობილიზდეთ მეორე ტურზე, რათა ჩვენ შვილებს დავუტოვოთ უკეთესი, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა, როდესაც გავხდით ზრდასრული ადამიანები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს არის მიზანი, რომლის მიღწევა შესაძლებელია ევროპული ხედვის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევით.

„ალბათ, ეს არის ჩვენი ყველას მიზანი და მიზნის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავლის პერსპექტივას, სალომე ზურაბიშვილს მივცემთ ხმას, რომლის მხარდაჭერისკენ მინდა მოვუწოდო ყველას. ავირჩევთ მას, ვისაც აქვს ევროპული ხედვა და ეს სალომე ზურაბიშვილია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მომავალი წლიდან იგივე ფორმით გაგრძელდება, რა ფორმითაც აქამდე მიმდინარეობდა “
შემდეგი სტატიაჯარმა ყველაზე კარგად იცის, რომ საერთაშორისო დავებში „ქართული ოცნების“ მთავრობა მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერია