გრიგოლ ვაშაძე : არ მგონია, უსულო საგნის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ვინმეს ძალიან აღელვებდეს

არ მგონია, მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ვინმეს ძალიან აღელვებდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „სამწუხაროდ, აშშ-ს არავითარი გეგმა არ აქვს საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნის და რა საჭიროა ამ თემაზე გაუაზრებელი, ყოვლად უგუნური განცხადების გაკეთება, ძნელი წარმოსადგენია“.

„რომ გითხრათ, მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოში ვინმეს ძალიან აღელვებს-მეთქი, მოგატყუებთ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად აღელვებს ვინმეს მისი განცხადებები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის, რომ ამ ადამიანს არც ინტელექტი აქვს, არც თავშეკავება, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს, ეს სხვა საკითხია. უბედურება ის არის, რომ უსულო საგანი შეიტანა საპრეზიდენტო ოფისში ბიძინა ივანიშვილმა და მოგვიწევს გაცილებით უფრო მეტი წელი ვისმინოთ ამ უსულო საგნის განცხადებები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ
შემდეგი სტატია“ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე” – ევროკავშირის ელჩი მოსამართლეების შესახებ კანონზე