სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიესაჯა.
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, რის შემდეგაც დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ქრთამის აღება სისხლის სამართლის ოთხ საქმეში.
პროკურატურის ვერსიით, ერთ საქმეზე ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების სანაცვლოდ ლილუაშვილმა $1 მილიონი აიღო თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან;
მეორე საქმეზე ლილუაშვილმა გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძის მეშვეობით მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი;
რომეო მიქაუტაძემ რამდენიმე კვირის წინ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ ის ქრთამის აღებაში შუამავალი იყო.
მესამე საქმეზე მას ბრალი წარდგენილი აქვს ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მფარველობისთვის;
მეოთხე ბრალდება კი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორის, კახა გვანცელაძის მფარველობას შეეხება. გამოძიების ვერსიით, გვანცელაძე შესყიდვებიდან ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. მისი სასამართლო პროცესები დახურული იყო.








