სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმე შესაძლოა ევროსასამართლოში წავიდეს.
“ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, გარკვეული სახის გადაწყვეტილებები რაზედაც უარი გვეთქვა პირობითად, ესეც შესაძლებელია, რომ იქნეს გასაჩივრებული და წარდგენილი. თუნდაც, მათ შორის იმგვარი სახის ინფორმაცია, როგორიც არის გამამართლებელი მტკიცებულებების დაცვის მხარისათვის დამალვა, რაც ფიზიკურად არ გადმოსცემია დაცვის მხარეს. დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა მტკიცებულებები, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით, ბუნებრივია, დაცვის მხარე ასაჩივრებს.
რის საფუძველზე და რატომ არის ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ბრალდებული, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ბრალდების მხარეს უნდა ჰკითხოთ ალბათ.
თავად ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა ცალსახაა, რომ ის არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს,” – განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
ინფორმაციისთვის, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















