21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე სასამართლოში დაიკითხა — რა თქვა მაია ჭეიშვილმა ქონებასა და ოჯახის შემოსავლებზე

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმე — ბრალდებულის მეუღლე, მაია ჭეიშვილი დაიკითხა.

საქმის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმემ ისაუბრა ოჯახის ფინანსურ ისტორიაზე, შეძენილ თუ გაყიდულ უძრავ-მოძრავ ქონებასა და იმ ბინის დაფინანსების წყაროებზე, სადაც დღეს ცხოვრობენ. პროკურორის თქმით, უშუალოდ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით მოწმეს ინფორმაცია არ აქვს.

„ბრალდებულის მეუღლემ ისაუბრა ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რა ცოდნაც აქვს მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი დაოჯახებულია — რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობდნენ, რა გაყიდეს, შემდეგ რა იყიდეს და ა.შ. მათ შორის, ბინა, რომელშიც დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ, რა სახსრებით იქნა შეძენილი.

გრიგოლ ლილუაშვილის სახელზე რა ქონებაც არის რიცხული, ან მასთან დაკავშირებული ქონება რაც არის, ბრალდების მხარეს დაყადაღებული აქვს… ბრალდებულის მეუღლეს ვკითხე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გრიგოლ ლილუაშვილს და ანდრია ლილუაშვილს [ბრალდებულის ბიძაშვილი] რამე საერთო მიზნები ჰქონდათ რომელიმე უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით — მოწმემ განაცხადა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს“, — განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა სამი მოწმე, რომელთაგან ორის ჩვენება ბრალდებამ უდავოდ ცნო, ისევე როგორც დამატებით ორი პირის (მათ შორის ლილუაშვილის დაცვის წევრის) ჩვენებები, რის გამოც მათი ხელახლა დაკითხვა საჭიროდ აღარ ჩაითვალა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საპროცესო შეთანხმება იმ შემთხვევაში, თუ ლილუაშვილი ბრალს აღიარებს, პროკურორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება თავად ბრალდებულმა უნდა მიიღოს.

„თავად ბრალდებულმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა აღიაროს მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, რასაც ჩვენ ვედავებით, ან თუ სხვა დანაშაულის შესახებაც აქვს ინფორმაცია, ამაზე ისაუბროს. ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთ პოსტზე მყოფი ადამიანი დღეს ბრალდებულის სტატუსის მატარებელია, თუმცა კანონის დაცვა ყველას გვევალება“, — აღნიშნა მარიამ ბერძენიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთი-გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში სარკინიგზო ხიდზე იერიში მიიტანეს