სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სასამართლოზე დაკითხულმა ორმა მოწმემ — ელისო კილაძემ და გიორგი მიქაძემ — ცალსახად დაადასტურა, რომ ლილუაშვილს ე.წ. „ქოლ-ცენტრებთან“ მიმართებით არანაირი მფარველობა არ ჰქონია.
უფლებადამცველის თქმით, ელისო კილაძის მიერ წარმოდგენილმა უტყუარმა ფაქტებმა ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმის, გივი ჯიბლაძის ჩვენება სრულად გააბათილა.
ლანა ცერცვაძის განმარტებით, ჯიბლაძეს 2018 წლიდან ლილუაშვილის დაკავებამდე მასთან კომუნიკაციის ნულოვანი შესაძლებლობა ჰქონდა, რაც სასამართლოშიც დადასტურდა.
„მოწმემაც კი ვერ ისაუბრა პირდაპირ კომუნიკაციაზე, ვერ დაასახელა ფაქტები, ვერ მოიტანა ვერც ჩანაწერები, ვერც მიმოწერები და სატელეფონო ზარები. ვერაფერი წარმოადგინა გარდა ზოგადი ინფორმაციისა მფარველობის შესახებ.
ელისო კილაძე მხოლოდ ზოგადი ფრაზებით არ შემოფარგლულა — მან სახელების, გვარების და ადგილების მითითებით დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ ვერ იქნებოდა ეს პირდაპირ ან ირიბად კონტაქტში გრიგოლ ლილუაშვილთან. ეს ბუნებრივად დასტურდება იმ მტკიცებულებებით, რაც დაცვის მხარეს უკვე წარდგენილი აქვს“, — განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის შეფასებით, გივი ჯიბლაძის ჩვენება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დაედოს, რადგან ის პირადი ინტერესებით მოქმედებს.
„იმ მოწმეს, რომლის ჩვენების გაბათილებაც მოახდინა ელისო კილაძემ, ფაქტობრივად ჯილდოდ საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა მის წინა სისხლის სამართლის საქმეზე. დღეის მდგომარეობით, ის „ქოლ-ცენტრების“ ეპიზოდზეა ბრალდებული, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გარეთ იმყოფება და სამომავლოდაც აქვს საპროცესო შეთანხმების პერსპექტივა. როდესაც პირს ასეთი პერსპექტივა აქვს, ასეთი ჩვენება გამამტყუნებელ განაჩენს არ უნდა დაედოს საფუძვლად“, — აღნიშნა ლანა ცერცვაძემ.








