14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: ვირთხების რბოლაში შემდეგი ირაკლი კობახიძეა

„ლელო — ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

გეგელიას შეფასებით, მდინარაძის გადადგომა მმართველი გუნდის შიგნით არსებული მძიმე კრიზისისა და კლანური დაპირისპირების პირდაპირი დასტურია, სადაც მორიგი პოლიტიკური მსხვერპლი ირაკლი კობახიძე გახდება.

„ჩვენ ვხედავთ ‘ვირთხების რბოლის’ გაგრძელებას — ეს არის სუსტი, ჩამოშლილი რეჟიმის პირდაპირი და მკაფიო დადასტურება. ახლა ყველანი ვუყურებთ, როგორ ჭამენ ივანიშვილის ვირთხები ერთმანეთს. ეს არის ზუსტად ივანიშვილის ხელწერა: ის სხვადასხვა ფრაქციებსა და კლანებს ერთმანეთს დააჭმევინებს ბოლომდე, სანამ ყველას ერთად ჩარეცხავს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ რბოლაში შემდეგი ირაკლი კობახიძეა, როგორც ივანიშვილის მომავალი მსხვერპლი. „ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტურად ყველას უნდა ესმოდეს, რომ ისე შეჭამს და გამოხრავს მათ, როგორც თავისი პაიკი ირაკლი ღარიბაშვილი შესანსლა ცოტა ხნის წინ“, — განაცხადა გეგელიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ირონიულად შეაფასა მდინარაძის მოკლევადიანი საქმიანობა ახლად შექმნილ სამინისტროში:

„ძალიან დამწუხრებული ვარ მისი წასვლით და არ ვიცი, რა ბედი ელის დაობლებულ რეგიონებს… ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ ჩვენი რეგიონები დარჩა ასეთი ღვაწლმოსილი პატრონის გარეშე, როგორიც ბატონი მდინარაძე იყო მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში. მაქვს ერთადერთი კითხვა — წაიღებს თუ არა იმ ჩინ-მედლებს თან“, — დასძინა გრიგოლ გეგელიამ.

კონტექსტი: მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც მან მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით უკანონო გარიგების შუამავლობაში დაადანაშაულა, რაც მდინარაძემ უარყო.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: მდინარაძე დამამცირებლად გააგდეს — ის ლილუაშვილის ბედისწერის რელსებზე დგას
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: მდინარაძეს ვერც კობახიძის პროტექციამ უშველა, ის პოლიტიკიდან გააგდეს