„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უნგრელი ყოფილი დიპლომატი, რომელიც წლების წინ, საქართველოში მუშაობდა, უკრაინაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშურ საქმიანობაშია მხილებული.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვისმენთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი, შესაძლოა, მუშაობდეს რუსეთის დაზვერვის სასიკეთოდ, თუმცა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ არაერთი დიპლომატიური სამსახური არის ინფილტრირებული რუსეთის დაზვერვის მიერ – მათი ესა თუ ის დიპლომატიური ოფიცერი ემსახურება რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს, ნაცვლად მათი სახელმწიფო ინტერესების დაცვისა. ყველა ასეთი პირი უნდა გამოვლინდეს და ყველა უნდა იყოს დასჯილი სრულიად მკაცრად, კანონის სრული სიმკაცრით. ბუნებრივია ყველა სახელმწიფო უნდა იყოს ფხიზლად იმ რეალობისადმი, რომ რუსეთის დაზვერვა მუშაობს ძალიან ფართო ქსელის გამოყენებით.
სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნგრეთის დიპლომატიური სამსახურის წევრი იყო პირი, რომელიც რუსეთისთვის ჯაშუშობდა და როგორც ახლა ვიგებთ, მანამდე საქართველოში მსახურობდა, ასევე, უნგრეთის დიპლომატიურ სამსახურში. ასეთ ვითარებაში, „ქართული ოცნება“ ერთადერთ პარტნიორად წარმოაჩენს სწორედ უნგრეთს ევროპული კავშირის მასშტაბით. თუ სწორად მახსოვს, საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, წელს უკვე მეასედ, იმყოფება უნგრეთში.სხვაგან ვერსად ვერ დადის, დადის უნგრეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის. ასეთ ვითარებაში, როდესაც ვისმენთ, რომ უნგრელი დიპლომატი იყო გამოყენებული ძალიან ღიად წლების განმავლობაში რუსეთის დაზვერვის მიერ. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა იმ უნიკალურობასთან დაკავშირებით, რასაც „ქოცური” რეჟიმი უნგრეთს ანიჭებს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

















