“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ რეჟიმი თვითგადარჩენისთვის ფართხალებს.
მისი თქმით, რეჟიმმა უკან დაიხია უკრაინასთან, ასევე უკან იხევენ ევროპის საკითხზე, ევროპელებს ეუბნებიან, რომ “დალაგება” სურთ და დაიჭირეს რამდენიმე ძალოვანი, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში სცემდნენ.
გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ “რეჟიმი თვითგადარჩენისთვის ფართხალებს”, მაგრამ მათი ეს ქმედებები არაფერია და ის და მისი კოლეგები რეალურ ცვლილებებს ითხოვენ, მათ შორის იმ ხალხის დაკავებას, ვინც აქციაზე ხალხის ცემის ბრძანება გასცა.
,,მე ვფიქრობ, რომ რეჟიმი საერთოდ, საზოგადოდ იხევს უკან, მთელ რიგ ამბებში, მე ვფიქრობ კი არა ეს ჩანს. უკრაინაზე, LGBT პროპაგანდისტულ მითებს და სამარცხვინო ბოდვებს რომ სთავაზობდნენ ერს, ახლა უკან დაიხიეს, ევროპის საკითხზე უკან იხევენ, ევროპელებს ეუბნებიან, რომ “დალაგება” სურთ, დაიჭირეს რამდენიმე კრიმინალი-ფაშისტი, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში სცემდნენ, ანუ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნიშნებს იმისა, რომ რეჟიმი თვითგადარჩენისთვის ფართხალებს.
მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ ვთქვით, რომ ეს არაფერი არ არის, კოსმეტიკაა, ჩვენ მოვითხოვთ რეალურ ცვლილებებს, ვიბრძვით ამისთვის, მოვითხოვთ ასევე, რეალურად ვინც დაუკვეთა ის ხალხი არის დაუსჯელი, თვითონ არიან ის ფაშისტები, ვინც ვიღაც გდდ-ელს მისცა დავალება, რომ 19 და 20 წლის ბავშვებისთვის სახეში ერტყათ ფეხსაცმელი. ეს იმ გდდ-ელს თავისით კი არ მოუფიქრებია, ხარებამ და კიდევ ზევით რომ ხალხი იყო იმათ უთხრეს,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.















