27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

გრიგოლ გეგელია “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე: საქართველოს სულ უფრო მეტად ფლავენ იზოლაციაში

ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ როდესაც საქართველო რეალურად არის უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხის წინაშე – ეს არის ყველაზე კარგი დასტური იმ რუსული საგარეო პოლიტიკური ამოცანის, რასაც ასრულებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როდესაც რეალურად სულ უფრო მეტად ფლავს საქართველოს იზოლაციაში, – ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„ეს აჩვენებს მკაფიო კონტრასტს ერთი მხრივ იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთაც სწორი პოლიტიკით უკვე გაწევრიანებაზე დაიწყეს დიალოგი და მეორე მხრივ მაჩანჩალა „ქოცურ“ სახელმწიფოს შორის, რომელმაც შეიძლება ისიც დაკარგოს, რაც ათწლეულების განმავლობაში ძალიან მძიმე შრომის შედეგად მოიპოვა ქართულმა საჯარო და დიპლომატიურმა სამსახურმა. ეს არის ყველაზე კარგი დასტური იმ რუსული საგარეო პოლიტიკური ამოცანის, რასაც ასრულებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როდესაც რეალურად სულ უფრო მეტად ფლავს საქართველოს იზოლაციაში და სულ უფრო მეტს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ წავიდეს წინ მეტი ევროპისკენ, მეტი კეთილდღეობისა და მეტი უსაფრთხოებისკენ“,- განაცხადა გეგელიამ.

გეგელია გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის საკითხს, რომელიც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 ივნისს გადის და აღნიშნა, რომ რეზოლუცია აჩვენებს იმ თავდაცვით სულისკვეთებას, რაც აქვს ევროკავშირს „ქოცური” ჰიბრიდული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“.

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაცრი და მკაფიო რეზოლუცია, რომელიც აჩვენებს ევროპის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი და ჩვენი დემოკრატიული ბრძოლისადმი. მეორე, ეს რეზოლუცია აჩვენებს იმ თავდაცვით სულისკვეთებას, რაც აქვს ევროკავშირს „ქოცური“ ჰიბრიდული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ამის გამოხატულებაა მედიაზე არსებული ჩანაწერიც, როდესაც ქართული ე.წ. მედიის ნაწილი არის ღიად დასახელებული, როგორც რუსეთის ომისდროინდელი ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ნაწილი და ინსტრუმენტი და ღიად არის საუბარი იმაზე, რომ ეს რეჟიმი არის ჩართული რუსეთის ომისდროინდელი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებაში და ამდენად არ არის თავსებადი არც ქართველი ხალხის არჩევანთან და არც ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა გეგელიამ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა.

ანგარიშის პროექტის განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

„ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განმარტებით განცხადებაში.

ანგარიში 17 ივნისს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ პარასკევს საღამოს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი 15 ივნისს გაიხსნება. “ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. ორშაბათს, პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე, ჩვენ გავხსნით კლასტერს ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც გაწევრიანების პროცესის ხერხემალს წარმოადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ეს გამოიწვევს ჩვენი მეზღვაურების საერთაშორისო “შავ სიაში” შეყვანას