ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს ომის დანაშაულებში დასდებს ბრალს, არის სულელი ან მოღალატე, არაერთი ასეთი პოლიტიკოსი გვახსოვს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოსთვის“ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ქართველი ჯარისკაცები, ქართული ჯარი და ქართული სახელმწიფო იქნეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის რომელიმე ეპიზოდში დადანაშაულებული იმ ომის დანაშაულებში, რაც არ ყოფილა ჩადენილი. მე არ ვაპირებ, ჩემთვის უინტერესო კერძო პირების პატრიოტიზმის და ანტირუსული თუ პრორუსული განწყობების შეფასებაში შესვლას, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, მნიშვნელოვნად მივიჩნევ, ვთქვა, რომ ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს დაადანაშაულებს ომის დანაშაულებში, არის ან სულელი, ან მოღალატე. ასეთი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, არაერთი გვახსოვს“, – განაცხადა გეგელიამ.













