„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მწვავედ გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველომ ხმა არ მისცა რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველი გუნდი ეროვნული ინტერესებით ვაჭრობს.
გეგელიას განცხადებით, ეს რეჟიმი აგრძელებს ვაჭრობას საქართველოს ეროვნული ინტერესებით და იმ ღირებულებებით, რაც საქართველოს აკავშირებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
“ცივილიზებული მსოფლიო ქმნის ტრიბუნალს, რომელიც იქნება ერთგვარი მორალური ფუნდამენტი ახალი ევროპული უსაფრთხოებისა, მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ დააკვირდება სახელმწიფოთა დამოკიდებულებას ქოცური რეჟიმის მიმართ”,_ აცხადებს გეგელია.
გეგელიას შეფასებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ეს პოზიცია არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ხელისუფლება კრემლის ინტერესებს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრების შეხვედრაზე საქართველომ 11 სხვა ქვეყანასთან ერთად მხარი არ დაუჭირა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებების გამოსაძიებელი ტრიბუნალის შექმნას. საქართველო ერთადერთი ოკუპირებული ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნულ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
















