გრიგოლ გეგელია – ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ნიკა მელიას გადაწყვეტილება, მე არ ვფიქრობ, რომ ამაში ვინმე უნდა ჩაერთოს

„ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ნიკა მელიას გადაწყვეტილება, მე არ ვფიქრობ, რომ ამაში ვინმე უნდა ჩაერთოს, მეტადრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ეს არის მისი პიროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, უნდა დავაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება ამ გირაოს გადახდის, თუ არგადახდის თაობაზე.

ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები და პატივს ვცემთ საქართველოს კანონებს, მაგრამ იმავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი გასულია სამწუხაროდ, სამართლებრივი ჩარჩოებიდან თავისი ე.წ. არჩევნებით, ე.წ. ცესკოთი, ე.წ. პარლამენტით და ეს ქმნის სერიოზულ და მწვავე კრიზისს ქვეყანაში, პოლიტიკური შინაარსის და პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისს, ამიტომ მელიას ცალკეულად აქ ვერ აღვიქვამთ, დღეს მთელი პროცესი არის გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან, ამიტომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ასეთივე ჩარჩოში დარჩე, როცა პოლიტიკურად პასუხობ ამ პროცესს“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ცდილობს პარლამენტში ოპოზიცია შეიტყუოს, რადგან ერთპარტიული პარლამენტი არც მის ინტერესებშია, თუმცა, მეორე მხრივ მას მრავალპარტიული პარლამენტისაც ეშინია, სწორედ ამიტომ პროცესის გამწვავებას ცდილობს.

„ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ყველა მექანიზმით ცდილობს, რომ ოპოზიცია შეტყუებული იყოს პარლამენტში, რადგან დიდი ბაქიბუქის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ გადასარევად იცის, რომ ეს ერთპარტიული პარლამენტი არ არის არც მათ პრაგმატულ ინტერესებში, ამიტომ ვითომ მკაცრი რიტორიკის პარალელურად „ქართული ოცნება“ გადასარევად ხვდება, რომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ოპოზიცია შევიდეს, რომ ეს პარლამენტი არ იყოს ისეთი კომიკური, როგორიც დღეს არის თავისი „ევროპელი სოციალისტებით“, ბუნდოვანი ოპოზიციონერობით და იმ უსახური შოუთი, რომელიც დღეს გვაქვს პარლამენტის სახედ, ამიტომ ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს ერთი მხრივ, რომ ოპოზიცია შეიტყუოს პარლამენტში, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლება ასევე ცდილობს, რომ გაამწვავოს ეს პროცესი, რომ რეალური რეზოლუცია ამ პროცესს შინაარსობრივი თვალსაზრისით არ ჰქონდეს – ამ ხელისუფლებას მეორე მხრივ ეშინია იმის, რომ მრავალპარტიულ პარლამენტს მიიღებს, რომელშიც უნდა უპასუხოს კრიტიკულ კითხვებს, რომელშიც მართლა ექნება კანონშემოქმედებით პროცესს ადგილი და გაჟღერდება ხალხის პრობლემები, რაც დღეს არ ხდება და დღეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან კომფორტული სიტუაცია, როცა თავის ქიცინს აქვს იქ ადგილი მხოლოდ და სხვას არაფერს, ამიტომ ამ თამაშშია ჩართული „ქართული ოცნება“ და უყურებს რომელი სცენარი უფრო ხელსაყრელი იქნება მისი პარტიულ-პოლიტიკური ინტერესისთვის“- ამის შესახებ ლელოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – უგულავა იყო აქ მართლა, სუფრა გავუშალე, არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, არ გვინდოდა მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე – მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას ნიკანორ მელიას დაპატიმრება სურს, ტყუილია