12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ დასკვნაზე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ეს არის უმძიმესი დასკვნა, სადაც დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები და ძალისხმევები.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დოკუმენტი მიუთითებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც, მისი თქმით, ხელს უწყობს ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციას.

„აქ დეტალურად არის განხილული არჩევნების დარღვევა და სახელმწიფოს მიტაცება. ასევე მკაფიო მოწოდებაა, 2024 წლის არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში აღწერილია პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, პარტიების გაუქმების მცდელობა. პოლიტიკისა და პლურალიზმის მოკვლის „ქოცური“ სპეცოპერაცია. საუბარია ძალაუფლების დანაშაულებრივად გამოყენებაზე. ცხადია, დეტალურად არის გაანალიზებული ყველა ის კანონი, რომლის მეშვეობითაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი აყალიბებს დიქტატურას და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ანტიევროპული, ანტიქართული, ანტიადამიანური პოლიტიკური პრაქტიკები, რომლის მიზანია საქართველოს დაშორება ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობიდან და საქართველოს დაახლოება ასეთი ტიპის რეჟიმებთან, როგორიც არის „ქოცების“ საყვარელი ირანი, ჩინეთი და რუსეთი.

ეს დასკვნა არის საბოლო ვერდიქტი „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის , როგორც დიქტატურის ჩაცემენტების კუთხით და პირდაპირ ამბობს, რომ ამ პოლიტიკური კურსის პირობებში არ არსებობს და ვერ იარსებებს თავისუფალი და ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელსაც რამე ტიპის ევროატლანტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს.

შესაბამისად, ეს დოკუმენტი ამბობს, რომ „ქოცური“ რეჟიმი არის ანტიქართული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში მოცემული მნიშვნელოვანი პოლიტიკური კურსი არ აღსრულდეს და საქართველო გადაიქცეს რუსული ტიპის კორუმპირებულ ავტოკრატიად“, – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები საქართველოში თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაეუთო საერთაშორისო თანამეგობრობას რეკომენდაციას აძლევს, საქართველოსთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ჰააგას მიმართონ