„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია გამოეხმაურა ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებულ კვლევას.
“მე ვფიქრობ, ეს კვლევა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის ერთადერთი გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპული კავშირი. და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რაოდენ აცდენილია ეს რეჟიმი საკუთარ ხალხს. პრემიერ-მინისტრმა ამას წინ გააკეთა განცხადება, რომლითაც ჩინეთი გამოაცხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მე მას ვურჩევდი, ჩაიხედოს აი, ამ კვლევაში და დაინახავს თავისი რეალური ხალხის, რომელიც დიდი ხანია მისი ამომრჩეველი არ არის, მაგრამ ამ ხალხის განწყობას დაინახავს ასეთ კვლევებში”, – ამბობს გეგელია.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებული 2026 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის ევროპულ მომავალს კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 71% ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 79% დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.















