გრიგოლ გეგელია – გიორგი გახარიას მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა

ნაადრევია ვინმეს შანსებზე საუბარი, როცა პარტიაც კი არ არსებობს, გიორგი გახარიას მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ თემის კომენტირებისას.

„ვფიქრობ, ნაადრევია ვინმეს შანსებზე საუბარი, როცა პარტიაც კი არ არსებობს. ბატონ გიორგი გახარიას მოუწევს ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, სრულიად ნათელი პასუხების გაცემა ისეთ საკითხებზე, რომლის გარეშეც არც ერთ დემოკრატიაში არ გამოდის პოლიტიკური ცხოვრების წარმართვა.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, გახარიამ პასუხი უნდა გასცეს უაღრესად მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც არსებობს მისდამი და მისი პრემიერობის არაერთი მომენტისადმი“, – განაცხადა გეგელიამ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. „მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ასევე, გიორგი გახარიამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მუშაობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება.

banner
წინა სტატიაშიმეგი ბაქრაძეს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიატერორი პირადი ცხოვრების კადრებით – ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა