„ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას დელეგაციასთან. მათ ჰქონდათ შეკითხვები ყველა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, რაც ახლა არის რელევანტური. მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ბოლომდე სპობს ქვეყანაში თავისუფლების ნასახს და აცემენტებს დიქტატურას. მიმოვიხილეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც თითოეული ქართველის ინტერესებს უქმნის საფრთხეს და ასევე, ვისაუბრეთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ რისკებზე.
ჩვენ ვართ საერთო აზრზე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასე გაგრძელება ნიშნავს საქართველოს ინტერესების გაცამტვერებას, ქართველი ხალხის ინტერესების დაზიანებას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ჩიხიდან გამოვიდეთ”, – განაცხადა გეგელიამ.
















