გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სენატში “ქართული ოცნების” განაჩენი მოვისმინეთ

აშშ სენატში საქართველოს კრიზისის შესახებ გამართული მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კრიზისის გადაჭრა წარმოადგენს ჩვენი პარტნიორების უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.

დღეს აშშ-ს სენატში დღეს “ქართული ოცნების” განაჩენი მოვისმინეთ. პოლიტიკურად მოტივირებული და ჩამოშლილი მართლმსაჯულების სისტემა, დემოკრატიის განუხორციელებელი რეფორმა, დამონებული სასამართლო, რომელსაც სენატში ღიად უწოდებენ კლანს, ზეწოლა ამომრჩეველზე, სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხაზების აღრევა, დემოკრატიის უკუსვლა და ოლიგარქის გავლენის ზრდა სასამართლოსა და მედიაზე, პოლიტიკურ ლიდერთა პატიმრობა – “ქართული ოცნების” პოლიტიკის ამ შედეგებს სენატი ღიად აფასებს, როგორც რუსეთის გამარჯვებას. ეს არის სრულიად მკაფიო და მწვავე შეფასება საქართველოს უმთავრესი საგარეო პარტნიორისგან, რომელსაც ექნება გავლენა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს არის საქართველოს დამარცხება და რუსეთის გამარჯვება.

“ქართული ოცნების” მისამართით სენატის გზავნილი ნათელია. ისტორიის წამზომი ჩართულია, საქართველო ახლა აკეთებს სასიცოცხლო არჩევანს ერთი მხრივ დასავლეთს, ევროინტეგრაციასა და სტაბილურობას, მეორე მხრივ კი რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას, ქვეყნის იზოლაცასს და მზარდი რუსული საფრთხის გამარჯვებას შორის. გამოსავალი ნათელია, ეს არის მედიაციის გამარჯვება, რაც უნდა გახდეს ახალი ეროვნული თანხმობის საფუძველი. მაგრამ, დღეს ამ პროცესს მიზანმიმართულად უშლის ხელს “ქართული ოცნება”, რომელმაც ყველა ზომა იხმარა იმისათვის, რომ მედიაცია წარუმატებელი ყოფილიყო. სენატის მითითება სრულიად ნათელია, ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები, მოლაპარაკების მაგიდის აყირავების პრაქტიკა, იმისათვის რომ იზეიმოს ქართულმა ეროვნულმა ინტერესმა.

ჩვენ მზად ვართ ქართული დემოკრატიის გამარჯვებისთვის, საქართველოს საგარეო და ეროვნული ინტერესების გამარჯვებისთვის. ამასობაში, ქართული ოცნების პოლიტიკა გზას უხსნის რუსეთის გამარჯვებას, საქართველოს როგორც სერიოზული და სტაბილური პარტნიორის იმიჯის საბოლოო დასამარებას, ქართული საკითხის ჩაძირვას მსოფლიო დღის წესრიგიდან. ეს ისტორიული კვირები გადაწყვეტს, გადარჩება თუ არა საქართველო, როგორც ევროპული მომავლის ქვეყანა. ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ხელისუფლების მზაობას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყოს მედიაციის წარმატებას, რომელსაც იგი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად მიზანმიმართულად უშლიდა ხელს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ვუბრუნდებით მსოფლიო ცივილიზაციას
შემდეგი სტატიაკორონავირუსის „პისიარ“ კვლევის დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს