22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

​გრიგოლ გეგელია: აშშ-ის კონგრესის მიერ NDAA-ს დამტკიცება “ოცნების” კიდევ ერთი საერთაშორისო კრახია

“ოცნების” რეჟიმის კიდევ ერთი კრახი საერთაშორისო ასპარეზზე. აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, “ოცნებამ” დღეს კონგრესისგან მორიგი მძიმე დარტყმა მიიღო,- აცხადებს “ძლიერი საქართველო -ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია.

“კონგრესმა დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც შესულია მკაფიო ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის მდივანს, სახელმწიფო მდივანს, სადაზვერვო სამსახურს და სხვა ინსტიტუტებს ავალებს აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობას და მათი გავლენების, ინტერესების და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას ეხება.
აქტის მიღება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამერიკული ინტერესი საქართველოს, შუა დერეფნისა და სტრატეგიული უსაფრთხოების მიმართულებით კვლავაც ადგილზეა და პრიორიტეტულია. თუმცა, სავალალოა, რომ მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობებს აღრმავებენ, საქართველო დღეს ეჭვმიტანილია ანტიამერიკულ დიქტატურებთან თანამშრომლობაში.

ამის გამოძახილია, რომ ამერიკელი კანონმდებლები თეთრ სახლსა და პენტაგონს დღეს უკვე ღიად ავალებენ პროაქტიულად გააკონტროლონ საქართველო, რომელიც ბოლო წლებში ანტიდასავლური ძალების შავბნელი საქმეების პოლიგონად გადაიქცა.

კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აგრეთვე ავალებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც კრიტიკულად შეაფასებს აშშ-ის დაფინანსებას და სამხედრო, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების შესაძლო გადახედვას.

რას ნიშნავს ეს? ნაცვლად ურთიერთობების გაღრმავებისა, მეტი ვაჭრობისა, მეტი სამხედრო თანამშრომლობისა, დღეს ამერიკელმა კანონმდებლებმა აღმასრულებელ შტოს დაავალეს დასვას შემდეგი კითხვა: საერთოდ უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მა საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ძალისხმევის და ინვესტიციების ჩადება?
ნორმალური ხელისუფლების პირობებში, დღეს საქართველო უნდა აღრმავებდეს სტრატეგიულ ურთიერთობას აშშ-სთან, აშენებდეს ანაკლიას სომხეთის და აზერბაიჯანის ჩართულობით, ამდიდრებდეს ქართველ ერს და ქმნიდეს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ერის განვითარებისთვის. ამის ნაცვლად “ქართული ოცნების” რეჟიმი არის დაკარგული შესაძლებლობების, სიღარიბის, მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობის რეჟიმი, რომელმაც ღარიბ ერს განვითარების ყველა შესაძლებლობა ჩაუხერგა”, – გრიგოლ გეგელია.

banner
წინა სტატიაში​”ენმ”: “საერთაშორისო გამჭვირვალეობის” ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის იგნორირება საგანგაშო და გაუგებარია
შემდეგი სტატია​კობახიძე: მთავრობა ანაკლიის პორტის ამოქმედებაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან დიალოგისთვის მზადაა