26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

გრიგოლ გეგელია: აშშ-ის გზავნილი ნათელია, ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება. გეგელიას თქმით, ეს გზავნილი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს არ ამბობს და ურთიერთობის აღდგენისთვის მზად არის, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

პოლიტიკოსის შეფასებით, ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ინსტიტუტებში ძლიერი ოპოზიციის მონაწილეობაზე, რაც ფუნქციონალური დემოკრატიის მთავარი პირობაა:

„მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ეტაპისთვის, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ მიუთითებს, რომ ურთიერთობის სრულფასოვანი აღდგენა კონკრეტულ ნაბიჯებს საჭიროებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებისა, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა.

აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის მონაწილეობასა და წარმომადგენლობაზე. გზავნილი ნათელია – ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მის მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში“, — აცხადებს გეგელია.

გრიგოლ გეგელიამ ხაზი გაუსვა, რომ „ლელო“ თავიდანვე ამ პოზიციას იცავდა და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის არჩევნების გზით ბრძოლა გადამწყვეტია:

„ძლიერი საქართველო – ლელო“ სწორედ ამ პოზიციას იცავდა თავიდანვე: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი მოითხოვს ბრძოლას ყველა დემოკრატიულ ფრონტზე, მათ შორის პირველ რიგში არჩევნების გზით“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

კონტექსტი: საქართველოში აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანს აშშ-სთვის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ არაფერი შეუტყობინებია
შემდეგი სტატიაებოლას მზარდი აფეთქების ფონზე, ვირუსის წინააღმდეგ სამი ახალი ვაქცინა მუშავდება