კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს მარტო დატოვებას არ აპირებს და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენით არის დაინტერესებული.
გეგელიას თქმით, ეს უკვე მესამე შეხვედრაა მოკლე პერიოდში, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოს მიმართ დიდ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესზე მიუთითებს. მისივე განმარტებით, ამერიკელი პარტნიორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ფონზე არ დაიკარგოს „შუა დერეფნის“ პერსპექტივა.
„ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და იმაზე, რომ პროცესი უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, საიდანაც ის „ქართული ოცნების“ რეჟიმმა გაიყვანა. ამერიკა დაინტერესებულია, რომ ქვეყანას ჰქონდეს გამართული პოლიტიკური სისტემა, სადაც პარლამენტი მუშაობს და არ არის კოჭლი ინსტიტუტი. ბევრ საკითხში ჩვენი და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციები ფართო თანხვედრაშია“, — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
















