გორში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან პენსიონერს ბანკომატიდან თანხა ააცალეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, დღის საათებში მოხდა. პენსიონერმა ბანკომატიდან თანხის გამოტანისას დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფმა პირმა მისგან თანხა ფარულად აიღო. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
სამართალდამცველებმა მომხდარზე 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გორის პროკურატურის პროკურორმა, დემეტრე ზუბაშვილმა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და აღნიშნა, რომ მან ახალი დანაშაული პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩაიდინა.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის ინფორმაციით, პენსიონერისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის და საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ განიხილება.


















