გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 15 სამხედრო შეიყვანეს, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ

admin
ავტ.: admin მარტი 20, 2020 12:21

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 15 სამხედრო შეიყვანეს, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ

გორში, სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეს 15 სამხედრო და 16 სამოქალაქო პირი დაემატა. ამ დროისთვის ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში სულ 60 მოქალაქე იმყოფება. მათგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 30 კი, სამხედრო.

როგორც სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განაცხადა, გუშინ ჰოსპიტალი 28 მოქალაქემ დატოვა. მათგან 15 სხვა საკარანტინო სივრცეში, 13 კი, სახლის პირობებში განაგრძობს თვითიზოლაციას.

მისი თქმით, ჰოსპიტალში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმეს დაბალი ტემპერატურული რეაქცია აღენიშნება.

„ჩვენ როტაციის პრინციპით გავიყვანეთ პაციენტების ნაწილი, 12 თვითიზოლაციაში გადავიდა და 15 სხვა საკარანტინო სივრცეში. შემოსულია 15 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ. მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები. რამდენიმე მოქალაქესთან ფიქსირდება დაბალი ტემპერატურული რეაქცია და მათთან ჩართულია ინფექციონისტი, გადაწყდება რამდენს ავუღოთ ნიმუში. ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა ჰოსპიტალში არ დადასტურებულა“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ინფექციის მართვის კუთხით მუშაობის რეჟიმზეც გადავიდა. ბოქსირებულ განყოფილებაში კლინიკა 40 პაციენტის მიღებას შეძლებს.

admin
ავტ.: admin მარტი 20, 2020 12:21