გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაღალი ქულები მოგვანიჭა

დეკემბრიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ მედპერსონალის გადამზადება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოგვანიჭა მაღალი ქულები, რადგან ჩვენ ყველანაირად მომზადებული ვართ, ჰოსპიტალი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა.

ბარლიანი იმედოვნებს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია კოორდინირებული ქმედებებით შესაძლებელი გახდება.

„ჩვენ 1-ლი მარტიდან ვართ კარანტინის სივრცე და იმ დღიდანვე ჩაიკეტა პაციენტების მიღება. ჩვენ ვიღებთ დასაკვირვებელ პაციენტებს, ლუგარის ლაბორატორია გვეხმარება ტესტების და ნიმუშების აღებაში. ჩვენ გვყავს 51 ადამიანი კარანტინში და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. რაც შეეხება ჩვენს მომზადებას, ჩვენ, როგორც სამხედრო ჰოსპიტალი მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ინფექციური ბლოკი, სადაც საშიში დაავადებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს პაციენტების განთავსება, დგას ცალკე, აღჭურვილია ბლოკებით და ნახევარბლოკებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული სიტუაცია და ეს კოორდინაცია გამოიღებს შედეგს. სჯობს, ასე კოორდინაციაში ვაკვირდებოდეთ პაციენტებს, როგორც დღეს. ჩვენთან მყოფ პირებს არავითარი ტემპერატურა, არავითარი სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ, უბრალოდ მათ იმოგზაურეს საზღვარგარეთ. რეალურად, ამით ჩვენ ვახდენთ პრევენციას და მგონია, რომ ეს შედეგს გამოიღებს. ჩვენ შეგვიძლია 140 პაციენტის განთავსება ისე, რომ ფორსმაჟორი არ გვქონდეს, ასევე შესაძლებელია საწოლების დამატება. ვირუსის გავრცელების შემთხვევაში არსებობს განთავსების პალატები, სადაც შეიძლება იყოს 2 ან 3 საწოლი“, – განაცხადა დავით ბარლიანმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები
შემდეგი სტატიასაქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან