გორის საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით გატანილ საკითხებს განიხილავენ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 36 საკითხს განიხილავენ.

სხდომაზე გორის საკრებულოს თავმჯდომარის ახლად დანიშნული მრჩევლის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით წარმოდგენილი ხუთი საკითხი განიხილება. აქედან ორი ყველაზე რეზონანსულია და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

პირველი საკითხი – გორის ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლომჭაბუკის ძეგლთან დროებითი ბაზრის მოწყობას ეხება. ბაზრის მოწყობა გორის მერიამ 2016 წლის 1 მაისამდე, მოსახლეობისთვის მისაღები ტარიფების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს.

გორის ბაზრის ირგვლივ წლებია დავა მიმდინარეობს. ინვესტორმა ყოფილი აგრარული ბაზარი შეისყიდა და მისი დემონტაჟი განახორციელა. ბაზარი გარეუბანში ე.წ. წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე გადაიტანა, მაგრამ მოვაჭრეების დიდმა ნაწილმა აღნიშნულ სავაჭრო სივრცეში გადასვლაზე უარი განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით, მოსახლეობისთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნება ძველი ბაზრის სიახლოვეს ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის დროებით მოწყობა.

მეორე საკითხი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით საკრებულს სხდომაზე გავიდა და ხმაური გამოიწვია, შეეხება – გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების პატარებისთვის სკოლამდელი აღზრდის განათლების მიღებას, ქალაქ გორის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებში.

ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ განხორციელებული იმპიჩმენტის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” მართვის სადავეები დაკარგა და ამჟამად ქალაქის საკრებულოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გუნდი მართავს.

გორის საკრებულოს სხდომას ყოფილი ბაზრის მოვაჭრეთა ერთი ჯგუფი ესწრება. მოვაჭრეები ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივას იზიარებენ და მერიის წინაშე მოთხოვნას აყენებენ, რომ “ლომჭაბუკის ძეგლის” მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით აგრარული ბაზარი მოეწყოს.

banner
წინა სტატიაში,,თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს”
შემდეგი სტატია“ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი კოალიცია ჩამოიშალა”, – შალვა ნათელაშვილი