გორის საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება

გორის საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება.

„2016 წლიდან ვარ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ასევე ვარ გორის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს არჩეული წევრი და ქართული ოცნების კვოტით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

2016 წელს, როდესაც გადავწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკურ პროცესებში თავისი ფასეულობებით, ლიდერებით და მსოფლმხედველობით ქართული ოცნება იყო ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ქვეყანა სწორი გზით წაეყვანა და ეზრუნა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე. სწორედ ამიტომ გავწევრიანდი ამ პარტიაში და აქტიურად ვიყავი ჩართულ პარტიული საქმიანობის ყველა მიმართულებით, აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული დღემდე ჩატარებულ, ყველა არჩევნების საშტაბო მუშაობაშიც ხელმძღვანელ პოზიციებზე.

შესაბამისად სრულად მაქვს გაზიარებული და ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა წარმატებასა და წარუმატებლობაზე, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ჩემი წევრობის პერიოდს უკავშირდება.

სამწუხაროდ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ: დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცური პარტიების თუ ორგანიზაციების შემოთავაზებული დღის წესრიგის სრულად გაზიარებამ ხელისუფლების და მმართველი პარტიის მიერ, მათი დღის წესრიგით ნაკარნახევმა ყოველდღიურმა მოქმედებებმა, ძალიან დააზიანა ქვეყნის საგარეო იმიჯი და ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისა, ქართული ოცნების ყოველდღიური საზრუნავი გახდა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება!

მოკლედ რომ ვთქვათ, ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე და ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის!

ქვეყანას სჭირდება ახალი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება არა საზოგადოების გახლეჩვასა და რადიკალიზმზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე ყოველდღიურ ფიქრსა და მოქმედებებზე!

მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან დავტოვო „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ბრძოლა გავაგრძელო ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად!

ვერთიანდებით საქართველოსთვის!“, – აღნიშნულია მამუკა ფანიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

banner
წინა სტატიაშიგერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, გვექნება კორონავირუსის ერთეული შემთხვევები