გორის ნაგავსაყრელზე რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულებულია

გორში, მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.

რეაბილიტირებული პოლიგონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გორის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2014 წელს დაასრულა.

თუმცა, ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ექსპლუატაციისათვის საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება.

პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა შიდა გზები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით. მოეწყო მიწის კავალიერები.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მოხდება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

banner
წინა სტატიაშიასლან აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაჭუბურხინჯში 85 წლის მოხუცი დააყაჩაღეს – რა კავშირი აქვს ,,ტყის ძმებს“ გახშირებულ თავდასხმებთან?