გორის მინიზოოპარკში ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს

გორის მინიზოოპარკში ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Qartli.ge აქვეყნებს.

როგორც ინტერნეტგამოცემა წერს, ცხოველთა დამცველები გორის მინიზოოპარკის დახურვას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, ირმა მთიულიშვილმა გორის მერიას უკვე მიმართა. მისი განცხადებით, ის მდგომარეობა, რაც მინიზოოპარკის ტერიტორიაზეა, ყოველგვარ სტანდარტებს სცდება.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ბავშვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომლის მიხედვით, არასრულწლოვნები ზოოპარკის დათვთან ერთობოდნენ. ფოტო Qartli.ge-ს ირმა მთიულიშვილმა მიაწოდა.

“ეს გორის ვაიზოოპარკია. ჯერ ისედაც გასაცოდავებულები ჰყავთ ცხოველები სამი მეტრი სიგანის გისოსში და მშვენივრად ერთობიან ამ საცოდავებით. სად არიან ამ სამსახურის თანამშრომლები და რაში იღებენ ხელფასებს? დაცვას სძინავს? პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს ბავშვებმა”, – აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2016 წელს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის PETA-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების (GSPSA) წარმომადგენლებს გორის ზოოპარკში არსებული მდგომარეობის შესწავლა სთხოვა.

შესწავლის შემდგომ გაირკვა, რომ ზოოპარკის მენეჯმენტი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს, ცხოველებს ნორმალური პირობები შეუქმნას. ამ ეტაპზე, ყველა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოოპარკში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

გორის მინიზოოპარკში სამი დათვი, ორი მაიმუნი, ლამები, ჯიხვები, მელა, ტურა, არწივი, მტრედები, ხოხბები და კურდღლები ბინადრობენ.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ტყიბულში – ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპატრიარქის ექიმი: ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგადაა – უწმინდესი თავს საუკეთესოდ გრძნობს