გორის მერი – გორის საკრებულო საკმაოდ ტენდენციური გახდა

გორის მერის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ის, რომ მოახლოვდა საარჩევნო პროცესი და საკრებულოს დეპუტატები უფრო ხისტ სამუშაო რეჟიმში გადავიდნენ.

“მინდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ საკმაოდ ტენდენციური გახდა ის, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს საკრებულოში მიმდინარეობს”- ასე უპასუხა ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ტელეკომპანია თრიალეთის გადაცემა “განსხვავებული აზრის” პირდაპირ ეთერში წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რას გაუსვა ხაზი დღევანდელი საკრებულოს სხდომამ.

“დღევანდელმა დღემ მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მოახლოვდა ცხელი დღეები, ახლოვდება არჩევნები და ჩვენი საკრებულოს დეპუტატების ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა რბილად რომ ვთქვა კრიტიკული დამოკიდებულებით ხელისუფლებისადმი, უფრო ხისტ რეჟიმში გადავიდნენ და დღევანდელმა საკრებულომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც აპელირებენ იმ თემაზე, რომ ჩვენ პრობლემებს ვქმნით და არ ვმუშაობთ, პირიქით, გვიქმნიან პრობლემებს. საკითხები, თუნდაც საბიუჯეტო საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო ძირითადად სოციალური პროექტებთან, ასეთი საკითხები არ დამტკიცდა დღეს საკრებულოზე“ – აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

გორის მერმა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი გუნდი მერიის უფლებამოსილების თავის უფლებამოსილებებში გადატანის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნული ქმედება კანონდარღვევად შეაფასა.

“მინდა ხაზი გავუსვა ბოლოდროინდელ ტენდენციას. რიგ შემთხვევებში საკრებულოს თავმჯდომარის და მისი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს მერის უფლებამოსილებებით სარგებლობის მცდელობას რაც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება”,- განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა “განსხვავებული აზრის” პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – შიდაპოლიტიკურ მოვლენებს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს
შემდეგი სტატია“დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ამ პროცესის ისევ დაძვრა,”-ელენე ხოშტარია ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს