გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ არეგისტრირებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მათ აწყობთ – ხოშტარია

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგისტრირებს მხოლოდ იმ საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ვინც მათ აწყობთ.
ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაახანგრძლივონ რეგისტრაციის ვადა და უზრუნველყონ ყველა პირის რეგისტრაცია, რათა არ შეიზღუდოს არცერთი მოქალაქის საკონსტიტუიცო უფლება.
„გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ხელისუფლება ვალდებულია და მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფს ადამიანების საკონსტიტუციო უფლებას, რომ მათ მისცენ ხმა. ამის ფონზე ჩვენ ვნახეთ ცესკოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ცესკო და სახელმწიფო უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი, საავადმყოფოში მყოფი, კოვიდსასტუმროში მყოფი და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების საარჩევნო უფლებას. გუშინ დაიწყო ეს პროცესი და პირველივე დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისცენ ხმა.
გუშინ, როდესაც დაიწყო ზარების შესვლა, იმ მომენტისთვის, როდესაც შესული იყო 467 თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის ზარი, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ხმის მისაცემად, მხოლოდ 37 ადამიანი დაარეგისტრირეს, იმ გაუგებარი მიზეზით, რომ ისინი თურმე არ არიან ჯანდაცვის სისტემაში. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და უზრუნველყოს ყველა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის საარჩევნო უფლება და თუ ვერ აბამენ ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგებას თავს ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების კონსტიტუციური უფლების ხარჯზე. ვადა 24-დან 26 ოქტომბრამდე აბსოლუტურად არაგონივრული ვადაა, ერთი მხრივ, არ არის საკმარისი ეს დრო, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ, რადგან ხაზები არის გადატვირთული და მეორე მხრივ, ეს ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებულები იქნებიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ 27-ის შემდეგ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას და ცესკოს, რომ ეს ვადა დაუყოვნებლივ გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ 30 ოქტომბრამდე, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა. აქ მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელია კოვიდვითარების მართვაში გარდა ამისა, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დარეგისტრირება ხდება პოლიტიკური პარტიული მანიპულირებით და ხდება იმ ადამიანების დარეგისტრირება, რომლებიც მათ აწყობთ და არ არეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ აწყობთ.” – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში31 ოქტომბრის შემდეგ, დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი, დავივიწყოთ წარსული მტრობა – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს