გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ

გონიოში ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს – ამის შესახებ “ნიუპოსტს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

“გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენი საშუალებაც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

კაპრალი იაგო ვლადიმერის ძე შარაძე (დაბ. 07.02.1990) საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან მსახურობს.

I კლასის რიგითი გიორგი გელას ძე ნანეტაშვილი (დაბ. 25.08.1992) კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია”- აღმიშნავენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : ლევან კობიაშვილის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი არ ირღვევა