გონიოში ორი ქართველი სამხედროს სამძებრო ღონისძიებები გრძელდება

გონიოში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ახორციელებენ. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, ოპერაციაში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები მონაწილეობს.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აშშ-ს მთავრობამ აშშ-ს ევროპულ სარდლობას დაავალა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღონ.

სამინისტროს ცნობით, საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

”სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა. მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით”, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” მთავარი მიღწევა თავისუფლებაა – ბექა ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატია,,ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ორი ქართველი ვდგებით”