ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გომისმთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული სასამართლო პროცესზე უშუალოდ კლინიკიდან მიიყვანეს — მას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
ინფორმაციისთვის, 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომისმთის გზაზე უცხოელი ტურისტების გადამყვანი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-მა პირმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

















