გომის მთის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კაცი ამ დროისთვის კლინიკაში საბადრაგო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, მოგვიანებით კი მას საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გომში წუხელ მოხდა. ავარიას ბელარუსის 4 მოქალაქე ემსხვერპლა, ჯამში დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე 6 არასრულწლოვანია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.















