ქიმიური ნივთიერების სკანდალი – “ქართული ოცნება” ადასტურებს, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური გამოიკითხება.
“ქართული ოცნების” წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ საკითხი აუცილებლად ბოლომდე იქნება გამოძიებული და პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, რომელიც აღნიშნული ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას ეხება.
გომელაურის განცხადების შემდეგ, შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ ეს წინა ხელისუფლების დანაშაულია, რომლისგანაც “ნაციონალური მოძრაობა” ახლა თავის დაძვრენას ცდილობს.
ამას დაადგენს გამოძიება, რა მიზნით შეისყიდეს ეს. მაგრამ, უყურეთ რა ხდება, ეს გუშინაც ვთქვი და მინდა, ამას ყურადღება მიაქციოთ: მიხვდნენ რა, რომ ამას ვერ გაექცევიან და დაუდასტურდებათ ნაცებს ამ ნივთიერების შესყიდვა, დაიწყეს ახლა ახალი ბოდვა და თქვეს, რომ ესო, ჯანდაცვის მიზნებისთვისაც გამოიყენება ეს ნივთიერება და ლაბორატორიული კვლევებისთვისო. მაგრამ გომელაურმა ის კი არ თქვა, რომ საქართელომ შეისყიდა ჯანდაცვის სამინისტროსთვისო, პოლიციამ შეისყიდა პოლიციური საქმიანობისთვის ეს. რა კვლევაზეა აქ ლაპარაკი? ასე რომ, ეს გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი, რა თქმა უნდა, გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები, როდესაც ის მინისტრი გახდა, რა მდგომარეობაში იყო, რა ვითარებაში ინახებოდა ეს, მისმა წინამორბედებმა წინა ხელისუფლების დროს გამოიყენეს თუ არა ეს და აქვთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია, – ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
ექსპერტი გიორგი შაიშმელაშვილი კი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურმა საკუთარი განცხადებით, ფაქტობრივად, თავის თავს განაჩენი გამოუტანა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს დაისჯება თუ არა ყოფილი შს მინისტრი, მთავარია, რომ სისტემურ დანაშაულზე რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.
ამ გამოძიებაში ყველაზე უფრო გამოსაძიებელი, ნავარაუდევი ამბავი იყო ის, რომ ჰქონდა თუ არა შსს-ს ასეთი ქიმიური აგენტი. გომელაურმა ეს დაადასტურა. ადამიანები მოიწამლნენ თუ არა, ამაზე ხომ კითხვა არავის გვაქვს? ათასობით ადამიანმა მიიღო იმ ტიპის ინტოქსიკაცია, რომელიც ვერ უნდა მიეღო უბრალოდ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემთხვევაში. ამდენად, გომელაურმა მხოლოდ და მხოლოდ გაამყარა ბიბისის ისედაც ძალიან მაღალი ხარისხით, ბიბისის სტილში და სტანდარტში მომზადებული გამოძიების შედეგები. ოდესღაც თითქოს ასევე “ნაციონალური მოძრაობის დროს შეძენილი რეზინის ტყვიების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, მათ შორის “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამდენად, გომელაურმა, მგონია, რომ ამ ვითარებაშიც კი საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, თუმცა ჩვენი ამოცანა ეგ არ არის, გომელაურს დასჯის თუ არა “ოცნება”. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ამ ძალიან სისტემურ დანაშაულზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს რეჟიმის და არა კონკრეტული შს მინისტრის ამ შემთხვევაში, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.
იურისტი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში აღნიშნული საქმის გამოძიება იოლი იქნება. მისი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურება საერთაშორისო დონეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იქნება.
იმ შემთხვევაში თუ სუსს ექნებოდა ინტერესი, აღნიშნული გამოძიება დაემთავრებინა შედეგით, ბუნებრივია, ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოძიება ალბათ მის პრაქტიკაში. ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის გარდა ასევე შესაძლებელი იქნებოდა, გამოთხოვილიყო ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აღრიცხავდა აღნიშნული საშუალებების შეძენას, შეძენის შემდეგ შენახვას, ასეევე ოდენობებს, ასევე როდის იქნა ეს გამოყენებული. ბუნებრივია, მოხდებოდა ფაქტობრივ ოდენობებთან დადარება, რამდენად ინახებოდა ამ ქიმიური საშუალებების ფაქტობრივი ოდენობები ადგილზე.
აღნიშნული ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურება ნიშნავს არა მხოლოდ ნაციონალურ დონეზე, არამედ საერთაშორისო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლებლობასაც. ახლა, რამდენად არის უნარიანი სუსი, მიიღოს გამოძების ის შედეგი, რომელიც პოტენციურად სისხლის სამართლებრივი დევნის წინაპირობა გახდება კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების, ბუნებრივია, აქ საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი გვაქვს. მეორე სკეპტიციზმი ალბათ უკვე ნაციონალურ დონეზე შსს-ს და სუსის სამსახურების ურთიერთდამოკიდებულებაზეა, რამდენად არიან ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და რა რეალობაში შეიძლება, მაგალითად, მიიღოს სუსმა ის დასკვნა და ის შედეგი გამოძიებაზე, რომ ვინმე უნდა მიეცეს შსს-დან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში თუ მერე ეს ყველაფერი გახდებოდა კონკრეტული ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაპირობა, – აღნიშნავს ომარ ფურცელაძე.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
















