გომელაური – შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა

„2020 წელი, მოგეხსენებათ, რთული წელი იყო. ქვეყანა დღემდე ებრძვი პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. პარალელურად, სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ
კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.

“ქვეყანაში სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით.

შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, რჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი რეფორმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა