გოლეთიანი საპოლიციო ძალებს – თუ ეცდებით რომელიმე ჩვენი თანამებრძოლის დაპატიმრებას ან რაიმე იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა

ხელისუფლება თუ მიმართავს დესტრუქციას, პასუხისმგებლობაც იქნება მასზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.

„იქნება ეს გარკვეული მსვლელობა ჩვენი მოძრაობის, თუ პიკეტირებას გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილისას, ჩვენ ყველგან ხელებაწეული ვართ. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ავწევთ ხელებს და დავიცავთ ამ არაადეკვატურობისგან თავს. ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუ არა ჩვენი ერთობა, რომ დავდგეთ და შევუქმნათ მათ დისკომფორტი, სანამ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც არის ჩვენი ხალხის ნება. ამიტომ, პროვოკაციას არ ავყვეთ, მშვიდობიანად დავდგეთ, სადაც დავდგებით. უბრალოდ, დუმილით გავაპროტესტოთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა საპოლიციო ძალებს მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ ეცდება აქციის რომელიმე მონაწილის დაპატიმრებას, ან იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა.

„მოვუწოდებ იმ საპოლიციო ძალებს და ზოგადად იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩვენი მოძრაობის მისამართით, თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენს თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ან ვინმე დააპატიმროს, ან მით უმეტეს, რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და უბრალოდ ხელისუფლების არაადეკვატურობისგან იცავენ თავს, მაშინ ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა მთელი მოსახლეობის. ეს იქნება იმდენად მკაფიო ყველასთვის, რომ ამაზე მთელ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ექნება. ეს შეარყევს ხელისუფლებას და ეს იქნება პასუხისმგებლობის ნაწილში მისი პასუხისმგებლობა და არა ჩვენი. პასუხისმგებლობას არ ავიღებთ იმ რაღაც დესტრუქციულ მოქმედებებზე, რაც უნდა, რომ თვითონ ხელისუფლებამ მართოს ამ შემთხვევაში. ამიტომ, თუ თავად დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგელობაც, ამ შემთხვევაში, იქნება მასზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარემ რიონის ხეობის მცველებს შეხვედრა შესთავაზა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება