გოლეთიანი – საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა

საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებებით გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულება შესასწავლია და ხარვეზებს შეიცავს.

„პრემიერის განცხადებები ბოლო პერიოდში არის ერთმანეთს აცდენილი. პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებიდან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი. ეს იყო მისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა ჩვენ მიმართ, თითქოს ჩვენ ვართ მარგინალური, ბნელი ექსტრემისტული ძალა. დღევანდელი განცხადებით გავიგეთ, რომ ხელშეკრულება გადაუგზავნეს შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც ერთხელ უკვე გაატარა ეს ხელშეკრულება.

პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ შესასწავლია ხელშეკრულება და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. „ვაი პატრიოტიზმში“ ვფიქრობ, უფრო ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ, ხეობას ხელისუფლება ყიდის და რესურსებს ასხვისებს. უგულებელყოფილია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ, იმ ფონზე, რმ აგორებულია ჩვენზე დიდი შავი პიარკამპანია.

საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა. ამაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია. მოსახლეობას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს. ვერავინ დადო დამადასტურებელი, რომ ჩვენი პროცესი არის ხელოვნურად მართული. ეს ბრძოლა ხუთი კაცის დაწყებულია. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების პოზიციას, ანუ გადაწყვეტის ნაწილში, ის, რომ არაფრის ცვლილებას არ აპირებენ, ფაქტია. ამიტომ, საჭიროა, საზოგადოების გაერთიანება უსამართლობის წინააღმდეგ. ამიტომ, გადავალთ ქმედების ფორმებზე, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, ეს არასწორი დამოკიდებულება შეცვალოს, მსვლელობა, პიკეტირება. გადაიკეტება ქუჩები და პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საკითხი არ გადაწყდება საზოგადოების სასარგებლოდ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი – შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით
შემდეგი სტატიალიეტუვას გენპროკურატურამ თვითმფრინავის გატაცების ფაქტზე საქმე აღძრა