გოლეთიანი – ჩვენი მხრიდან დიალოგის სურვილი არსებობს, მაგრამ აუცილებლად ნამოხვანის სივრცეში უნდა შედგეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კვლავაც ითხოვენ, რომ ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ აქციას გამართავენ.

„დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ გადავაადგილდეთ ნამოხვანისკენ, სადაც ჩვენ კარვები გვქონდა გაშლილი და ჩვენი ძირითადი პროტესტის ადგილი იყო ნამოხვანი. ახლა როგორც ხედავთ, აქ ისევ რკინის ჯებირებია აღმართული და დღესაც მოვითხოვთ, რომ აიღონ ეს კედელი და გაგვითავისუფლონ გზა. ასე თუ არ მოხდება, რა თქმა უნდა, როგორც გუშინ აქციაზე დავაანონსეთ, მოვუწოდებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას, რომ თავიანთ სივრცეებში მოახდინონ პიკეტირება. ამით ვაჩვენებთ ხელისუფლებას სახალხო ძალას. თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დავიძრებით დედაქალაქისკენ ყველა რეგიონიდან და გავმართავთ პერმანენტულ აქციებს. გადაიკეტება მათ შორის ავტობანიც“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რაც შეეხება რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას, ამასთან დაკავშირებით გოლეთიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცემათ, მზად იქნებიან, ხელისუფლებას დაელაპარაკონ.

გოლეთიანის თქმით, დიალოგი აუცილებლად ნამოხვანის სივრცეში უნდა შედგეს.

„მინდა, მკაიფოდ ვთქვა, რომ საპატრიარქომ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება და დიალოგისკენ მოუწოდა მხარეებს. ჩვენ რა თქმა უნდა, თავიდანვე საგანი იყო და მოთხოვნა, რომ ყოფილიყო დიალოგი და შინაარსობრივ განხილვებში შემოსულიყო ხელისუფლება. ამიტომ თუკი ისინი მზად იქნებიან, რომ აიღონ კედელი, დავბრუნდეთ ნამოხვანში, ჩვენი კარვების სივრცეში, გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და დაგველაპარაკოს. ვართ დამოკიდებული ამ პროცესზე. ის, რომ პირდაპირ გადავინაცვლოთ ან პირდაპირ ბლოკირება, პიკეტირება იქნება, ასე არ არის. რადგან დიალოგის სურვილი არსებობს, თუ შექმნიან სივრცეს დიალოგისთვის, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. დინამიურად დავხვდებით ამ პროცესებს. გადაწყვეტილების მიმღები არ არის ნათია თურნავა, ვის გადადგომასაც ვითხოვთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ პრემიერი ჩაითვლება გადაწყვეტილების მიმღებლად. შესაძლოა, პრემიერმა დანიშნოს წარმომადგენელი და მიანიჭოს ლეგიტიმაცია. ვინც იქნება გადაწყვეტილების მიმღები ამ პროცესში, მოვიდეს და გველაპარაკოს. ოღონდ ნამოხვანის სივრცეში უნდა შედგეს აუცილებლად“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ