გოგირდის აბანოები სამი დღით იხურება

დაწესებულების მეპატრონეები მიმართვაას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ხვალიადან, სამი დღით დახურვას გეგმავენ. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეების სახელით…

იძულებულნი ვართ მივმართოთ უკიდურეს ზომას – გოგირდის აბანოების ფუნქციონირების შეწყვეტას, რადგან თქვენდამი და შესაბამისი უწყებებისადმი ჩვენი არაერთი მიმართვისა და თხოვნისა, პრობლემა არ მოგვარდა და თბილისის გოგირდის აბანოების ყოფნა-არყოფნის საკითხი დღის წესრიგში დადგა.
კომპანია “ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერმა“ გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი და აბანოებს დაღვრილი წყლის გატარება-გაწმენდის გადასახადი გაუათმაგა.

უკვე წელიწადნახევარია ვითხოვთ აღნიშნულ კომპანიებთან შეხვედრას და საკითხის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. გაზრდილი ტარიფი კვლავ მძიმე ტვირთად აწევს აბანოებს და დავალიანება, რომელიც უსამართლოდ გაზრდილი გადასახადის გამო დაგვეკისრა, ყოველთვიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით, აბანოთუნანში არსებული ექვსივე აბანოს მიმართ, უკანონოდ დარიცხული გადასახადების ჯამმა 400 ათას ლარს გადააჭარბა.

ჩვენი ბოლო იმედი პრობლემის მოსაგვარებლად ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების, კანონმდებლების, დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის ჩართვა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ამან გამოიღო შედეგი.

ჩვენთვის სარწმუნო წყაროსგან გახდა ცნობილი, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და “საქართველოს ბანკის“ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები მართავენ შეხვედრებს და გეგმავენ თბილისის აბანოებისთვის კაბალური პირობების შექმნის გეგმებს. მათი ზრახვები ჩვენთვის უცნობია, თუმცა შედეგი ნათელი – გოგირდის აბანოები შესაძლოა დაიხუროს.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და “საქართველოს ბანკი“, როგორც ხსენებული კომპანიის მფლობელი, ერთობლივად და მიზანმიმართულად ცდილობენ თბილისის გოგირდის აბანოების გაკოტრებას. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, როგორც ქ. თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ერთადერთი, მონოპოლისტი ლიცენზიანტი, აბანოების შენობა ნაგებობების მესაკუთრეებს სთხოვს აბანოს ფუნქციონირების შედეგად მოხმარებული წყლის გადასახადთან ერთად, გოგირდის გეოთერმული წყლების მოხმარების შედეგად საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის ღირებულებას. ხსენებულმა კომპანიამ, აღნიშნული მომსახურების საფასური შეცვალა და 1 კუბურ მეტრზე 0,85 თეთრი, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი დაგვიწესა.
გაცნობებთ, რომ გოგირდის გეოთერმული წყლები წარმოადგენს თვითმდენ მიწისქვეშა წყალს და დღე-ღამის განმავლობაში ჭაბურღილიდან თვითდენით გამოედინება დაახლოებით 1000 კუბური მეტრის ოდენობით. წყლის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია თვითმდენი საბადოს თუნდაც დროებით დაკეტვა. გოგირდის წყალი მიეკუთვნება აგრესიული წყლების კატეგორიას და ჭაბურღილის გადაკეტვა გამოიწვევს საბადოს ამოხეთქვას, დებეტების შემცირებას, ან საბოლოოდ დაკარგვას.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, არ ითვალისწინებს საქმიანობის სპეციფიკას და უარს ამბობს მოლაპარაკებაზე. წლინახევრის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და პრობლემა ცივილური გზით მოგვეგვარებინა.

აბანოების დავალიანება კომპანიის მიმართ ყოველთვიურად იზრდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან კონსტრუქციულ საუბარზე უარის თქმა მიზანმიმართული, არაკეთილსინდისიერი საქციელია.
ვთხოვთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, გეოთერმული წყლებით მოსარგებლე სუბიექტებისთვის (აბანოს პროფილის შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებისთვის) დაწესდეს სპეციალური ტარიფი, შეღავათი არსებულ სატარიფო განაკვეთებში.

გარწმუნებთ, რომ ვერც ერთი ზემოთ ხსენებული აბანოს შენობის მესაკუთრე ვერ გადაიხდის დაკისრებულ გადასახადს. იძულებულნი ვართ შევაჩეროთ დაწესებულების ფუნქციონირება – სამასახურს დაკარგავს ასეულობით ადამიანი, ბიუჯეტი დაკარგავს შემოსავალს, თბილისი დაკარგავს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობას – დედაქალაქი დარჩება გოგირდის აბანოების გარეშე!

გოგირდის აბანოები 3 დღით დაიკეტება! ეს გახლავთ გამაფრთხილებელი აქცია მოლაპარაკების მოთხოვნით.

იმედს ვიტოვებთ, რომ პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გამოაფხიზლებს შესაბამის სტრუქტურებს და მოვახერხებთ პრობლემა ცივილური გზით მოგვარებას. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და კვლავ მზად ვართ მორიგებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, არგუმენტებით და ციფრებით. ვაცხადებთ, რომ სიმართლეს მოლაპარაკების მაგიდასთან დავამტკიცებთ”.

ცნობისათვის, ხვალ, 21 ივნისს, 12:00 საათზე გოგირდის აბანოების წარმომადგენლები აბანოთუბანში, ბრიფინგს გამართავენ და სწორედ აქ ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.

banner
წინა სტატიაში2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 1 ივლისს დაიწყება
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე შსს კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს