,,რუსეთს ნამდვილად ჰქონდა ჩაფიქრებული ანექსია, რისი შესაძლებლობაც მისცეს სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ და უშიშროების საბჭომ”

რუსეთს ნამდვილად ჰქონდა ჩაფიქრებული საქართველოს ოკუპაცია და განახორციელა კიდეც, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რუსეთს ხელსაყრელი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუქმნა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი არა მარტო დამნაშავეები, არამედ მოღალატეებიც არიან, რადგან ეს რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო და ამის დასადასტურებლად არაერთი ფაქტი მაქვს. 2008 წლის ივლისში, ისევე როგორ 2007 წლისა და 2006 წლის ივლისში ჩრდილოეთ კავკასიაში ტარდებოდა სწავლება „კავკაზ 2008“. ეს წვრთნები ძალიან ფართოდ შუქდებოდა რუსულ პრესაში. ერთ-ერთ სამხედრო გაზეთში „წითელი ვარსკვლავი“ პირდაპირ იყო ნაჩვენები არა მარტო ამ ოპერაციის მსვლელობა, არამედ მიმართულებები, საიდან უნდა შემოსულიყო რუსული ჯარი საქართველოში, როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ უნდა განეხორციელებინა ანექსია და აგრესია. ზუსტად ამ გეგმით იმოქმედა რუსეთის სამხედრო მანქანამ 58-ე არმიამ, რომელიც შემოვიდა აგვისტოს 8-ში, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, რუსეთს ნამდვილად ჰქონდა ჩაფიქრებული საქართველოს რეგიონების ცხინვალისა და აფხაზეთის ანექსია, ამას წყალი არ გაუვა, რადგან ამას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და ელოდებოდა შესაძლებლობას.

„ეს შესაძლებლობა რუსეთს მისცა სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ და იმ უშიშროების საბჭომ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცეცხლი გაეხსნა მძინარე ქართული ქალაქისთვის. ეს ქართული ქალაქი არის ცხინვალი, სადაც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, ზოგი არის ოსური წარმოშობის, ზოგი ქართული, ზოგი სომხური, ზოგი რუსული და ა.შ. მაგრამ ეს იყო საქართველოს ქალაქი, საქართველოს მოსახლეობა და ამ დამნაშავე სააკაშვილმა გასცა ბრძანება. გამთენიას ცეცხლი გაუხსნეს გრადებიდან ცხინვალის მოსახლეობას. ეს არის ფაქტი, ეს ფაქტი იცის მთელმა მსოფლიომ. ეს ფაქტი არის დაფიქსირებული უამრავ საერთაშორისო დოკუმენტებში. ეს ფაქტი დაფიქსირებულია ევრო საბჭოს და ეუთო-ს ასაბლეის მიერ, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ ცეცხლი გახსნა 7 აგვისტოს გამთენიას მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. ამას ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 7 აგვისტოს ტელევიზიით, მერე 8-ში. მერე პარლამენტის დადგენილება მიღებული 9 აგვისტოს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში შემოვიდნენ რუსი სამხედროები საქართველის ტერიტორიაზე, მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ სეპარატისტების მიერ ცეცხლის გახსნის საპირისპიროდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. მეტიც ეს შეტევა განხორციელდა და თითქმის გვირაბამდე იყო მისული ქართული სამხედრო შენაერთები. აბსოლუტურად ქაოტური მოქმედებით დაახლოებით ოთხი ათასი კაცი იყო შეყვანილი ცხინვალის ქუჩებში. ამ ძალიან პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებში, რისთვის იყო ეს გაკეთებული, არავინ იცის და ამიტომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ჩატარდება გამოძიება. ეს მთავრობა ჩაატარებს შემდეგი, თუ რომელიც ჩაატარებს, აუცილებლად ჩატარდება გამოძიება იმ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელიც განხორციელებული იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. ისინი უმკაცრესად დაისჯებიან ქართული კანონებით, ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო“, – განაცხადა ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო – სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალებმა ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განაახლეს
შემდეგი სტატია„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში მივიდა